კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადი კალათის შემთხვევაში, დღგ-ს განახევრება ბიუჯეტს 450 მლნ ლარს, ხოლო საწვავზე აქციზის განახევრება 360 მლნ ლარს მოაკლებს და ეს თანხები, საბოლოო ჯამში, ხალხს უბრუნდება, სოციალური ხარჯების სახით, ინფრასტრუქტურის ნაწილში და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული განცხადებები პოლიტიკანურია.
„ერთ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, ძირითადად, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები - ეს არის გადასახადების განახევრება. ასეთი ინიციატივით გამოდიან, რომ უნდა განახევრდეს მათი ინიციატივით, დამატებითი ღირებულების გადასახადი ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავზე აქციზზე. ჯერ ერთი, განახევრებას რომ ამბობენ, ამასაც არ ასაბუთებენ, იქნებ საერთოდ უნდა გაუქმდეს. საერთოდ თუ გაუქმდება, მაგალითად, 9 %-ის მაგივრად 18 %-ით შემცირდება ფასები სურსათზე.
რაც შეეხება ბიუჯეტზე გავლენას - ძირითადი კალათის შემთხვევაში, დღგ-ს განახევრება ბიუჯეტს მოაკლებს 450 მლნ ლარს, ეს ის თანხაა, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხს უბრუნდება, სოციალური ხარჯების სახით, ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც შეეხება საწვავზე აქციზის განახევრებას, ბიუჯეტს მოაკლებს 360 მლნ ლარს. ისინი აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან, მაშინ, როდესაც ეკონომიკიდან გამომდინარე, თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება. მესამედზე მეტი მარტო სოციალური ხარჯია ბიუჯეტში. მინიმუმ 8 მლრდ უნდა იყოს კაპიტალური ხარჯები და რომ არ გავყვეთ, იქ პოლიციაა, ჯარი და ა.შ. ყველას თავისი მინიმუმი აქვს და სივრცე მინიმალური რჩება. ამ პირობებში, ძალიან მარტივად ამბობენ, რომ 810 მლნ ლარი უნდა მოაკლდეს ბიუჯეტს.
810 მლნ ლარი თუ უნდა მოაკლდეს, დაასაბუთონ მაშინ, იქნებ 1 მლრდ 620 მლნ უნდა მოაკლდეს, რატომ 810 და 1 მლრდ 620 მლნ. აბსოლუტურად მართლა პოლიტიკანურია ასეთი ინიციატივები, რითაც გამოდიან. არც თანხებს ითვლიან, არც რამეს გეუბნებიან, უბრალოდ განახევრდესო, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, რასაც მიმართავენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

