პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაური სამართალდამრღვევად ცნო. საუბარია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, თეონა გუდაბანძის საჩივარზე, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის მხრიდან, მისი პერსონალური მონაცემების დარღვევას ეხებოდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერს, რომ ეკა გიგაურმა დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 67-ე მუხლი და მას დაევალა „ფეისბუქზე“ 30 სექტემბერს განთავსებული პოსტის წაშლა, რომელიც გუდაბანძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა.
„პერსონალური დაცვის სააგენტოს მხრიდან გადაწყვეტილება ჩემს სასიკეთოდ იქნა მიღებული და ობიექტურია. ველოდები ეკა გიგაურის ნაბიჯებს და მაინტერესებს, აიღებს თუ არა იმ პოსტს, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, უდევს. ვფიქრობ, ის უარყოფს პერსონალური დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას და არ აიღებს პოსტს“, – აცხადებს თეონა გუდაბანძე.

