სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გენერალური დირექტორის გოგიტა თედორაძის განცხადებით, 2023 წლის ოქტომბერში უძრავი ქონების გაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა.

“უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სექტორში კლების მიზეზად საცხოვრებელი შენობების გაქირავებისა და მართვის სფეროში მომსახურების მოცულობის შემცირება სახელდება. ასევე, არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების კლება", – განაცხადა გოგიტა თედორაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერშ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც საქსტატის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.

მისივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.