ყველამ ვიცით, რომ ასაკთან ერთად, დიდი ალბათობით, ჩვენი მხედველობა გაუარესდება, რაც გვაიძულებს, მის საწინააღმდეგოდ გარკვეული ზომები მივიღოთ. მათ შორის - შევიძინოთ სათვალე, გამოვიყენოთ თვალის წვეთები და, არც თუ იშვიათად, ქირურგიულ ოპერაციასაც მივმართოთ. თანამედროვე მედიცინას არაერთი მეთოდი აქვს იმისთვის, რომ მხედველობა ღრმა მოხუცებულობამდე შევინარჩუნოთ. მთავარია, ეს მეთოდები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია და თანამედროვე პირობებში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. სტატისტიკის თანახმად, 40 წლისა და უფროსი ასაკის 4,2 მილიონზე მეტი ამერიკელი ან ბრმაა, ან მხედველობის დარღვევა აღენიშნება. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა  არ არსებობს, თუმცა ჩვენს ირგვლივ უამრავ ადამიანს აწუხებს მხედველობის პრობლემა. ასაკობრივ მოსახლეობაში კი თვალის დაავადებები უხშირესია.

არსებობს სიბრმავის გამომწვევი 4 ძირითადი დაავადება: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულარული შეშუპება).

გლაუკომა

გლაუკომა წარმოადგენს თვალის დაავადებას, რომლის დროსაც მხედველობის ნერვი ზიანდება. იგი ვითარდება მაშინ, როცა თვალშიდა წნევა ნელ-ნელა მატულობს. ადრეული მკურნალობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თავი მხედველობის სერიოზული გაუარესებისგან დაიცვათ. მკურნალობის გარეშე, გლაუკომას სრული სიბრმავის გამოწვევა შეუძლია. 

კატარაქტა

კატარაქტა ესაა თვალის ბროლის შემღვრევა. დაავადება ასაკთან ერთად ძალიან გავრცელებულია. 80 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ან აქვს კატარაქტა ან უკვე გაიკეთა ოპერაცია მისგან განსაკურნებლად.

თავდაპირველად თქვენ, შესაძლოა, არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ, თუმცა კატარაქტის ზრდასთან ერთად შესაძლოა მხედველობა დაგიქვეითდეთ, მაგალითად, შეამჩნიოთ, რომ მხედველობა გადღაბნილი ან ბუნდოვანი გახდა, ფერები გაღიავდა, ღამით ცუდად ხედავთ, სანათის ან მზის შუქი ძალიან მკვეთრად გეჩვენებათ, საგნებს გაორებულად ხედავთ, კითხვა და სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება გიჭირთ.

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია (AMD)

ეს  არის ბადურის ცენტრალურ უბანში, მაკულაში მიმდინარე ქრონიკული დეგენერაციული პროცესი, რომელიც გვხვდება ასაკოვან მოსახლეობაში - 50-55წელს ზემოთ და იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. მაკულა ესაა ბადურა გარსის უკანა ნაწილში მდებარე უბანი, რომელიც ცენტრალური მხედველობის სიმახვილეს განსაზღვრავს. დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებია:

ხანდაზმული ასაკი -  50-55 წელს ზემოთ, გენეტიკური განწყობა და ოჯახური ანამნეზი, თამბაქოს მოხმარება, მდედრობითი სქესი, არტერიული ჰიპერტენზია, კარდიო-ვასკულური დაავადებები, ჰიპერქოლესტერინემია, სიმსუქნე, არაბალანსირებული კვება.

ეს დაავადება ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში, წერა-კითხვაში, ავტომობილის მართვაში, ასევე ისეთი მარტივი საქმეების კეთებაში, როგორიცაა მაგალითად საჭმლის მომზადება.

დაავადების სიმპტომები მის სტადიაზეა დამოკდებული.

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური რეტინოპათიის დროს თვალის ბადურა გარსი ზიანდება. დაავადება შესაძლოა განვითარდეს პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ნებისმიერი ასაკის პაციენტში. რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს პაციენტს დიაბეტი და რაც უფრო ნაკლებად აკონტროლებს იგი სისხლში შაქრის შემცველობას, მით მეტია თვალის ბადურის დაზიანების რისკი.

დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის მკვებავი მცირე ზომის სიხლძარღვების დაზიანება , რის შედეგადაც ბადურას არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად თვალში წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები, რომლებიც არასწორად ყალიბდებიან და შედეგად ვითარდება სისხლდენა (ჰემორაგია), შეშუპების და ნაწიბურის განვითარება,  ბადურის ჩამოცლა; ცხადია, ეს პროცესები მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

დიაბეტური რეტინოპათიის გართულებას წარმოადგენს  დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME), რომელიც დიაბეტიან პაციენტებში მხედველობის მკვეთრად დაქვეითების  ძირითადი მიზეზია. დაავადება ნელა პროგრესირებს და პაციენტი ხშირად ვერ ამჩნევს, რომ მხედველობა თანდათანობით უარესდება.

დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის საკმაოდ ხშირი გართულებაა და მაგალითად, ამერიკის ზრდასრულ, სამუშაო ასაკის მოსახლეობაში, სიბრმავის მთავარი მიზეზია.

განვითარებული სადაზღვევო სქემების მქონე ქვეყნებში, ამ დაავადებების დიაგნოსტირების შემდეგ ექიმის მთავარი ამოცანაა, პაციენტს სწორი მკურნალობა შეურჩიოს. პაციენტი კი მკურნალობის სწორად ჩატარებისა და რეკომენდაციების შესრულებაზეა ორიენტირებული. საქართველოში, სამწუხაროდ, პირველი შეკითხვა, რომელიც დიაგნოზის გაგებას მოსდევს, არის, რამდენად ძვირადღირებულია მკურნალობა და აფინანსებს თუ არა მას საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო დაზღვევა (თუ ის პაციენტს აქვს).

სიბრმავის გამომწვევი ორი დაავადების - გლაუკომისა და კატარაქტას შემთხვევაში პაციენტს დაფინანსების კუთხით შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა ორივე მიმართულებას ფარავს. კატარაქტას ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა წლებია, აფნანსებს, გლაუკომის პრეპარატები კი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას 2024 წლიდან დაემატა და მათ სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად უფინანსებს.

თუმცა დაფინანსების მიღმა რჩება სიბრმავის გამომწვევი 4 ძირითადი დაავადებიდან ორის მკურნალობა. ამასთან, საუბარია ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ძვირადღირებულია და პაციენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი შეძენა არ შეუძლია.

ასეთ პაციენტებს შორისაა 44 წლის გიორგი ბლუაშვილი. ის პაციენტების იმ 80-90%-ს მიეკუთვნება, რომლებიც,სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებას ვერ ახერხებენ.

ამბობს, რომ მედიკამენტებს მას არც სახელმწიფო უფინანსებს და არც მისი სადაზღვევო კომპანია. გიორგის წლებია, რაც დიაბეტი აქვს,  ბოლო რამდენიმე წელი კი თვალის ინექციები სჭირდება, რადგან უკვე უჭირს ციფრების გარჩევა და ექიმები ეუბნებიან, რომ ინექციების გარეშე მისი მდგომარეობის გაუმჯობესება და შემდგომი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. თუმცა უკვე ორი ინექცია არ გაუკეთებია, რისი მიზეზიც არის ის, რომ ვეღარ შეძლო მედიკამენტის თავად, საკუთარი ჯიბიდან,  შეძენა

გიორგის თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ არ მიატოვოს თავისი მოქალაქეები და მათი მხედველობისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო მედიკამენტები დაუფინანსოს, როგორც ეს ქვეყანაში ერთადერთმა რეგიონმა - აჭარის მთავრობამ გააკეთა.

იგივე პრობლემის წინაშე დგას 71 წლის ჯუმბერ კოპალიანი, რომელსაც თვალის პრობლემები კოვიდის გადატანის შემდეგ შეექმნა. ამბობს, რომ თანამედროვე პრეპარატებით მკურნალობამ მისი მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა მკურნალობა მომავალშიც მუდმივად დასჭირდება. ეს კი  ფინანსებს უკავშირდება. ამიტომ, ჯუმბერ კოპალიანი აცნობიერებს, რომ შესაძლოა, მისი მდგომარეობა გართულდეს, თუკი მას და მისი დიაგნოზის მქონე სხვა ადამიანებს სახელმწიფოს მხარდაჭერა არ ექნება. 

„20 წელზე მეტია დიაბეტი მაქვს, თუმცა კოვიდამდე ამას მხედველობის პრობლემა არ შეუქმნია. მანქანას ღამითაც კი ვმართავდი, მაგრამ კოვიდის შემდეგ თვალის პრობლემები დამეწყო. ამ დიაგნოზის გამო ჩემი ყოველდღიურობა ძალიან გართულდა, თუმცა ვმკურნალობ და ვეჩვევი. სანამ მკურნალობას დავიწყებდი, მხედველობა რთულად მქონდა. ვერცერთ სათვალეს ვერ ვირგებდი, კითხვა მიჭირდა, ახლოდან ადამიანებს ვერ ვცნობდი. 

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ნაწილობრივ მიფინანსებს თვალის ინექციებს, ასევე მეხმარება ვეტერანთა კავშირი, გვერდით მიდგას ოჯახიც. თითქმის მთელი ჩემი პენსიის გაღება მიწევს, რომ ინექციები გავიკეთო.

მკურნალობამ შედეგი გამოიღო და უკვე სათვალით ვკითხულობ, 10 მეტრში ადამიანებსაც ვცნობ. მაგრამ აუცილებელია, მკურნალობა გაგრძელდეს. ეს რომ ვერ შევძლო, სიტუაცია ისევ გაუარესებისკენ წავა.

უკვე 20-22 ინექცია მაქვს გაკეთებული, მკურნალობის საფასურს თავად ვიხდი. ისეთი პროგრამა რომ იყოს, რომ ხალხს შეუმსუბუქებდეს ამ ხარჯებს, ძალიან კარგი იქნება. თუ სახელმწიფოსგან დახმარება არ მექნება, მკურნალობას ვეღარ გავაგრძელებ. პრობლემა მხოლოდ მე არ მაქვს. მყავს ახლობელი, რომელსაც მხედველობა 100 პროცენტით აქვს დაკარგული. მეორეს კი შვილიშვილი შეეძინა და არ შეუძლია მისი დანახვა, არ შეუძლია, საკუთარი შვილი და სიძე დაინახოს. ეს ადამიანები ამბობენ, გვირჩევნია, ხელები ან ფეხები არ გვქონდეს, ოღონდ კი ვხედავდეთო,“ - ამბობს ჯუმბერ კოპალიანი.

მკურნალობა, რომელზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ, გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატების შეყვანას თვალშიდა ინექციების სახით, რათა დაავადების პროცესი დროულად შეჩერდეს. ამ მედიკამენტებს, ბადურის დაავადებების მკურნალობის კუთხით, პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. ქირურგიული ჩარევა ამ ტიპის მკურნალობას ვერ ანაცვლებს.

როგორც აღვნიშნეთ, ამ მედიკამენტების შეძენა თავად პაციენტებს უწევთ, რადგან მსგავს მკურნალობას  სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ აჭარაშია, სადაც, მიმდინარე წლის იანვრიდან, მკურნალობას ადგილობრივი ბიუჯეტი ყველა მოქალაქეს უფინანსებს.

უცხოეთის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო დაზღვევასთან ერთად, დაზღვევის სხვა სქემებიც მუშაობს. ამიტომ მოქალაქეებს მედიკამენტებისთვის ფულის შოვნაზე ფიქრი არ უწევთ. საქართველოში კი კერძო დაზღვევა მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს აქვს. თუმცა არც დაზღვეულები სარგებლობენ რაიმე შეღავათით, რადგან თითქმის ყველა კერძო სადაზღვევო კომპანიას, თვალის ეს ორი დაავადება გამონაკლისების ჩამონათვალში აქვს შეყვანილი.

ამ რეალობიდან გამომდინარე, თვალის დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთადერთი გამოსავალი თვალის ინექციების სახელმწიფო პროგრამებში შეტანაა, როგორც ეს გლაუკომის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში მოხდა -  წელს პირველად, ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანია, შემდეგი ცვლილება თვალშიდა ანუ ინტრავიტრეალური ინექციების დაფინანსება გახდეს. ამით სიბრმავის გამომწვევი ოთხივე ძირითადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება.