მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიების მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო. ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება.
პროცესის პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ (EPTISA) დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. ეს აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შედგენისთვის, რაც ახალი ტენდერის მოსამზადებლად არის საჭირო.
ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესის თითოეული ეტაპი — ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება — აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.

