პარლამენტის გადაწყვეტილებით მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლის 1 იანვრამდე აღარ შეეზღუდება. ამას ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული  ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მესამე  მოსმენით, 82  ხმით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

„ცვლილებები მიზნად ისახავს სოციალური ჭრის სისტემის გაუქმების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე. ცვლილებების მთავარი მიზანია ჩვენს მოსახლეობას არ შეეზღუდოს წვდომა საშეშე მერქნულ რესურსზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიიღონ მათთვის საჭირო საშეშე მერქანი, რომელსაც ისინი ძირითადად სათბობი მიზნებისათვის გამოიყენებენ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

იცვლება საშეშე მერქნის მოპოვებისათვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის ვადა და კანონით განისაზღვრება, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად, დასაშვები იქნება 2026 წლის 1 იანვრამდე.