წარმატებულად ჩატარებული „ბაკურიანი 2023“  ჩემპიონატის შემდეგ, რომლის წარმდგენიც კომპანია სილქნეტი იყო,  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან საქართველოსადმი მეტი ინტერესი და მხარდაჭერის სურვილი გაჩნდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება. FIS-ის კალენდარში, საქართველოს კურორტებმა შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ს, კანადის გვერდით დაიკავეს ადგილები. 

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  2023/2024 წლის საშეჯიბრო სეზონის კალენდარი დაანონსდა. 

„საერთაშორისო ფედერაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო რამდენიმეწლიან კალენდარში შეიყვანა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტი განვითარდეს, ახალი თაობა აღიზარდოს, მეტად შეეწყოს ხელი ჩვენს გუნდს ადგილზე, რომელმაც საკმარისად კარგი შედეგები აჩვენა მიმდინარე ტურნირებზე. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ მინიმუმ სამწლიან, მაქსიმუმ ათწლიან გეგმას დაუჭირა მხარი“ - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

პრესკონფერენციას  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორები, უვე ბეიერი და კლაუს ვალდნერი ესწრებოდნენ, რომლებიც დახმარებას უწევენ ქართულ მხარეს ჩემპიონატის ორგანიზებაში. 

2023/2024 წლის საშეჯიბრო სეზონი ბაკურიანში მოგულის მსოფლიო თასით 22-23 დეკემბერს გაიხსნება. უკვე 2-4 თებერვალს სეზონი სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპით გუდაურში გაგრძელდება, და 9-11 თებერვალს სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს კვლავ ბაკურიანი უმასპინძლებს. 

მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს კურორტებს  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მაღალი რანგის დელეგატები ეწვევიან და საშეჯიბრო არეალს შეარჩევენ. 

პრემიერის ინიციატივით, გუდაურს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაემატება:  2 ახალი საბაგირო ხაზი და 5 მეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.  

საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას, წინ უძღვოდა საერთაშორისო ფედერაციასა და დელეგატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მათი დარწმუნება შესაძლებელი გახდა

სილქნეტის დამფუძნებელის,  გიორგი რამიშვილის ძალისხმევით. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის წარმდგენიც კომპანია სილქნეტი გახდა.  ბრენდი დაარსების დღიდან  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მთავარი  მხარდამჭერია. წელს საქართველოს ისტორიულ კურორტზე 42 ქვეყნის 700 მაღალრეიტინგულმა სპორტსმენმა იასპარეზა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში. პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელმაც სხვადასხვა კონტინენტიდან ადევნა თვალი მსოფლიო ჩემპიონატს, უკვე იცის საქართველო და ბაკურიანი.  

დღეს კი,  გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასის მასპინძელი კურორტებია. მომავალ სამ წელიწადში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო პოტენციალი და ჩვენი კურორტების ცნობადობა.  

2023/24 სეზონის FIS Freestyle მსოფლიო თასების დეტალური კალენდარი: https://shorturl.at/CDEYZ