ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ბიზნესს ასოციაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა სამშენებლო სექტორში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი აღსრულების პრაქტიკაზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.
მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან, უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას, უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ასევე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევებიც განიხილეს. მხარეებმა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს ბიზნესს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.