Meta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის (DEI) პროგრამებს თიშავს, რომლებიც მომწოდებლების დაქირავებისა და შერჩევისთვის მოქმედებდა. ამის შესახებ Axios და Reuters იტყობინება.
კომპანიის ადამიანური რესურსების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის, ჯანელ გეილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ Meta ცვლის კურსს, რადგან მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური ძალისხმევის შესახებ "სამართლებრივი და პოლიტიკის ლანდშაფტი" აშშ-ში ვითარდება. Axios წერს, რომ ეს ნაბიჯი ძლიერი სიგნალია Meta-ს თანამშრომლებისთვის, რომ კომპანიას სურს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება.
"ტერმინი DEI კრიტიკის საგანი, ნაწილობრივ იმიტომ გახდა, რადგან ზოგს ესმის, რომ ეს ნიშნავს პრაქტიკას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ზოგიერთ ჯგუფს სხვებზე", — ნათქვამია მემორანდუმში. მსგავსი მიდგომა ხშირ შემთხვევაში კომპანიაში უმცირესობის წარმომადგენელთა ინკლუზიურობის გაზრდას და საპირისპირო ჯგუფების დისკრიმინაციას იწვევს, უმთავრესი ყურადღება მრავალფეროვნებაზე კვოტების დაკმაყოფილებას ეთმობა და არა ეფექტიანობას.
როგორც ინკლუზიური პროგრამების გავრცელების ნაწილი, Meta ყურადღებას გაამახვილებს "როგორ განვახორციელოთ სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკა" ყველასთვის, მიუხედავად წარმოშობისა, — იტყობინება Axios.
მანამდე, Meta-მ გააუქმა ფაქტჩეკერის პროგრამა Facebook-სა, Instagram-ზე. ცუკერბერგის თქმით, ქსელების კონტენტის მოდერაციის პრაქტიკები გასცდა დასაშვებ ზღვარს. ამას გარდა, მან ეს გადაწყვეტილება შეცდომების შემცირების მიზეზით ახსნა და თქვა, რომ პოლიტიკის გამარტივება სასიკეთო ცვლილება იქნება.
ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორის" თქმით, Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოში ისევ გრძელდება და მარკ ცუკერბერგის განცხადება პროგრამის მოდიფიცირების შესახებ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპს სადილზე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ფლორიდაში მას შემდეგ შეხვდა, რაც მან 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მან საპრეზიდენტო კამპანიის დროს უარი თქვა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე. მოგვიანებით, Meta-მ, ისევე როგორც სხვა მსხვილმა ტექნიკურმა კომპანიებმა, 1 მილიონი დოლარი შესწირა ტრამპის ინაუგურაციის ფონდს.