ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სერბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის, ის განსაკუთრებულ სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქტების ექსპორტს, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი - ერთი მხრივ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის, მეორე მხრივ კი, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანამატი ჩვენი ეკონომიკის სექტორისთვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო უშუალოდ ვაჭრობის სექტორი და წარმოება. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელი შევუწყოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი სავაჭრო პარტნიორების და პოტენციური ბაზრების დივერსიფიცირება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სერბ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზგასმულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში არსებული დადებითი დინამიკა.

„ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი, რომელიც წარმატებით დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ხელი მოვაწეროთ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.