„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს.

„ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძეს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში“, - განაცხადა მინისტრმა.