„Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს 11 მილიარდის პირდაპირ ეფექტს, 24 000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პერიოდში, ხოლო 8 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ოპერირებაში გაშვების შემდეგ“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დინამიკას, რომელიც კომპანიის მიერ დაწყებული გაყიდვების აქტიურ პროცესში გამოიკვეთა.
„რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ გადაწყვიტა, კრწანისის ტერიტორიაზე დაეწყო პირველადი გაყიდვების პროცესი - 257 საცხოვრებელი სივრცე გამოვიდა გასაყიდად და დღეს უკვე შეგვიძლია,კონკრეტული მონაცემებით ვიმსჯელოთ, თუ როგორი ბალანსი იყო უშუალოდ ამ გაყიდვების პერიოდში. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა, რომ 24 საათში სრულად გაიყიდა ბაზარზე გამოტანილი ყველა საცხოვრებელი სივრცე, ხოლო განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს“- აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით,დანარჩენი 40% იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან.
„ხშირად ოპონენტებისგან გვესმოდა, რომ ეს პროექტი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის „არაბიზაციის“ საფუძველი, გვესმოდა, რომ იყო ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადმოსახლების საფრთხეები, რომ აქ არ იქნებოდა სივრცე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ა.შ. იყო პროგნოზი, რომ კვადრატული მეტრი 15 000 დოლარად უნდა გაყიდულიყო, რეალურად კი ვნახეთ, რომ ერთი კვადრატულის ფასი დაიწყო 1650 დოლარიდან, ასევე ვნახეთ, რომ პირველი გაყიდვების ფარგლებში გამოტანილი ობიექტების 60% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ესეც, მათ შორის არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი მაგალითი, თუ რა ფორმებით და რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

