მაისში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის თანახმად, აპრილთან შედარებით, როდესაც წლიური ინფლაცია 5.9%-ს აღწევდა, მაისში წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების მატებას უკავშირდება. საწვავის ფასის მიმართულებით ზრდა 22.7%-ს შეადგენს.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7.0 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (22.7 პროცენტი) და სხვა სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (4.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).

