საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. მისი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მთავრობის მთელი ეკონომიკური ბლოკი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს DCFTA - ის ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. მისი თქმით, მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ - ახალი პოლიტიკის თითოეული დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიყვება საქართველოს სამოქმედო გეგმას DCFTA - სთან დაკავშირებით. 

ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ასევე აქტიურად მუშაობენ სხვა სამინისტროებიც. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

„საქართველო ახდენს თავისი კანონმდებლობის აპროქსიმაციას, თავისი პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოებას და ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, რომ ევროკავშირში გავერთიანდეთ. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ბევრ მიმართულებას. ძირითადად ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკით და ინსტიტუციური შესაძლებლობებით მოვიდეს შესაბამისობაში ევროკავშირის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით მუშაობა არ შეფერხებულა, ქვეყანა დასახულ ამოცანებს მიყვება და ასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

მისი შეფასებით, როდესაც  ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პარტნიორების მხრიდან მიდის საუბარი, რომ საქართველოს შეჩერებული აქვს ინტეგრაციის პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები ან შეჩერებულია, ან გადახედვის რეჟიმში. თუმცა, ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკით პროცესის მიმდინარეობა ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. 

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთჯერ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით - რომ ვართ ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული, დავარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს და პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.