საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებზე.
მისი თქმით, კვლავ შენარჩუნდება ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად დაიგეგმება ორგანული კანონით დასაშვები 3%-იანი დეფიციტის ფარგლებში.
„მოსალოდნელია, რომ 2025 − 2028 წლებში დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი იქნება მშპ-ის 2,5%; ჩვენ მიერ 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად წარმოდგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2025 წელს დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ია, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად მცირდება 2,2%-მდე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მომდევნო წლებშიც 5 პროცენტის ქვემოთ შენარჩუნდება და კლებადი ტენდენცია ექნება. მოსალოდნელია ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა 40 მილიარდ ლარამდე“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, შენარჩუნდება ეკონომიკისთვის ოპტიმალური მოცულობის კაპიტალური ინვესტიციები და საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 6-7%-იან დონეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024−2026 წლებისათვის. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მსგავსი დოკუმენტი ყოველწლიურად მომზადდება ევროკავშირის მეთოდოლოგიის შესაბამისად“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, 2025−2028 წლებში ვალის მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება მის უსაფრთხო დონეზე, რაც გულისხმობს მშპ-სთან მიმართებით არაუმეტეს 40%-იან მაჩვენებელს. პორტფელის დივერსიფიცირება უზრუნველყოფილი იქნება საშინაო და საგარეო წყაროების ჯანსაღი კომპოზიციით.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასულ კვირას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის დაამტკიცა სუვერენული სესხი (პროფესიული განათლების სექტორის მხარდაჭერისთვის) ეროვნულ ვალუტაში, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ფინანსურ რესურსს იღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ეროვნულ ვალუტაში. ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს. არსებული პროგნოზებით, 2028 წლისათვის ვალის პორტფელში უცხოური ვალუტის წილი ჩამოსცდება 65 პროცენტს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, ასევე ხაზინის რეფორმები, როგორც საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დამატებით შემოღების ისევე, ხაზინის ერთიანი ანგარიშის მომცველობის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას საჯარო სექტორში.
გაგრძელდება მუშაობა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის (PIFC) მდგრადი და უწყვეტი განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს ძლიერი მენეჯერული ანგარიშვალდებულების, უფლებამოსილების დელეგირების, რისკების მართვის სისტემისა და ეფექტიანი შიდა აუდიტის მექანიზმს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდება ანგარიშგების პორტალის (Reportal.ge) მართვა, რისკზე დაფუძნებული მიდგომით წარდგენილი ანგარიშგებების სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, რაც უზრუნველყოფს ანგარიშგებების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ზრდას.
კონკურენტული გარემოს შესაქმნელად და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება საგადასახადო შეღავათების სისტემის ანალიზი.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, გაუმჯობესდება სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. გაძლიერდება სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულება და სტრატეგიული მართვა. რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების შესახებ, ჩარჩო კანონის მიღებას, რომელიც შექმნის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მკაფიო საკანონმდებლო საფუძველს.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის მიღწევას.