საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კერხერის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

"კერძოდ, საქმის გარემოებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს არ აწვდიდა სრულყოფილ ინფორმაციას შეძენილი პროდუქციის შესახებ, რაც სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

ამასთან, GCCA-ის დასკვნით, მომხმარებლებს არათუ სრულყოფილი, არამედ მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაში ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაცია მიეწოდებოდათ, მაგალითად, თითქოს,  გარკვეულ აქსესუარებზე გარანტია არ ვრცელდებოდა.

კანონმდებლობის თანახმად, საქონლის/მომსახურების შეძენამდე, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მიერ ჩამოყალიბებული სავაჭრო პოლიტიკა რიგ შემთხვევებში ატარებდა ე.წ. „ილუზორულ“ ხასიათს, რაც ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპებს და არსებითად აზიანებდა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში,   მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და  სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს." - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.