კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37.4%-ით გაიზარდა და 106.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ტელემაუწყებლებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82.3%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც  81.7 მილიონია. 10.7% - პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 6.9% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისათვის, 2024 წელს პირდაპირი რეკლამით მიღებული შემოსავალი სარეკლამო შემოსავლების 70.6%-ს  შეადგენდა, რაც 49 მილიონ ლარი იყო.
 
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 89%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ 6.8 მილიონი ლარით დააგენერირა, ხოლო 10.8% - სპონსორობამ, რაც 0.8 მილიონი ლარია.
 
რაც შეეხება 2025 წლის მხოლოდ IV კვარტალს, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 41.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, IV კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალი 82.5%-ით გაიზარდა და 39.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
 
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.