„გერმანული კომპანია ICP-ის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას იმ კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებისა და ოპტიმალური გამოსავლის მოძებნის მიზნით მიმდინარეობდა.

თბილისის მერის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით კი ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლილოს მოქმედ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, იმ სამუშაოებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს წლებში იგეგმება. პირველ რიგში, მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კარგად გვესმის მათი წუხილი. ბუნებრივია, რომ ითხოვდე იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დაკავშირებულია არსებულ ნაგავსაყრელთან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა  - ამ ადამიანების პრობლემები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ არის.

როგორც გახსოვთ, მოსახლეობასთან პირადად მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, ეს დღესაც გრძელდება, მოვისმინე მათი წუხილი, პრეტენზიები და მოთხოვნები. მაშინ მათ დავპირდი, რომ დავიწყებდით ალტერნატიული ტერიტორიების მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და  ნაგავსაყრელი გადატანა. ეს დაპირება შევასრულეთ.  პროცესში ჩავრთეთ დამოუკიდებელი გერმანული კომპანია ICP, რომელმაც შეისწავლა 12 შესაძლო ლოკაცია და მათგან სამი ყველაზე შესაფერისი შეარჩია - მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება.

კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა. წარმოდგენილი შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს. გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხცადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.

„პირველ რიგში, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას და მდგომარეობის მოწესრიგებას. მეორე მხრივ, ახალი პოლიგონის მშენებლობას, დაახლოებით, ოთხი წელი დასჭირდება, რასაც მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ხარჯებიც მოჰყვება. ამიტომ, სხვა ტერიტორიაზე გადასვლა თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არსებულ ნაგავსაყრელზე გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მერიის მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება.

როგორც მერმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

„ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია ან მოსახლეობას ვთხოვთ, შეეგუოს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ეს პრობლემები რეალურად მოვაგვაროთ. ჩვენი მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება. სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. საუბარია ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ეს დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა და აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას. სწორედ ამიტომ, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლები შესაბამის გაწმენდას გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

„მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი - ეს არ არის მხოლოდ დაგეგმილი პროექტი ან სამომავლო დაპირება. სამუშაოები უკვე დაწყებულია და კონკრეტული შედეგი 2027 წლის სექტემბერში უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მან.