"როდის გავიგებთ იმ გამოძიების შედეგებს, რომელიც 24-25 ივლისის მასშტაბური გათიშვების შემდეგ დაიწყო? საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა დაადგინა გამოძიებამ და რა დასკვნები გაკეთდა." - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პირველი ორი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ თემაზე კითხვების დასმა არ ღირდა. სამწუხაროდ, გუშინ უკვე მესამედ თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს დასმული კითხვები სწორი იყო თუ არა?
დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა არსებობს. ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები და უკვე მესამედ დაუშვეს ასეთი მასშტაბის ავარია, ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას. უკვე მესამედ საერთაშორისო მედია მთელ მსოფლიოს აჩვენებს ჩაბნელებულ საქართველოს, გაჩერებულ მატარებლებს, მეტროდან ფეხით გამოსულ მგზავრებს, პარალიზებულ მოძრაობას და შეფერხებებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, გამორთული შუქნიშნების გამო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება მოითხოვოს ამომწურავი, პროფესიონალური და დამაჯერებელი პასუხები. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. როდის გავიგებთ იმ გამოძიების შედეგებს, რომელიც 24-25 ივლისის მასშტაბური გათიშვების შემდეგ დაიწყო? საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა დაადგინა გამოძიებამ და რა დასკვნები გაკეთდა"- წერს კახა კახიშვილი.