ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ და ბელარუსის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თეირანში ხელი მოაწერეს 2026 წლამდე თანამშრომლობის საგზაო რუკას. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო БелТА წერს.

დოკუმენტი გულისხმობს მინსკსა და თეირანს შორის თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ, საგანმანათლებლო, ასევე ტურიზმის, მედიის, კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

მოლაპარაკებების დროს რაისიმ და ლუკაშენკომ განაცხადეს, რომ ყველა სფეროში აქვთ კავშირების გაძლიერების სურვილი. ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ბელარუსს გაუზიაროს დასავლური სანქციების პირობებში ეკონომიკის განვითარების გზები.

2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია. ბელარუსის ექსპორტის მოცულობამ ირანში 81 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წელზე ექვსჯერ გაიზარდა. ბელარუსი ირანს ძირითადად კალიუმის სასუქებით, ხე-ტყით, სინთეზური ძაფებით ამარაგებს, ასევე დიდია სურსათის იმპორტი.