„საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ინგა ფხალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რომლის ნაწილი იყო კერძო სექტორში დაგროვილი ჯარიმების პატიება, რომლის მოცულობამაც 1 მილიარდი ლარი შეადგინა. მინისტრის  მოადგილის განმარტებითვე,  2025 წლიდან განხორციელებული ღონისძიებები კერძო სექტორის მხარდაჭერას ემსახურება და ქვეყნის სწრაფ ენერგეტიკულ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

„საქართველოს  მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატი გახდეს.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი  და შესაბამისად, იმპორტზე  დამოკიდებულება ელექტროენერგიის თვალსაზრისით  გავანულოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რაც  2025  წლიდან საქართველოს მთავრობამ განახორციელა კერძო სექტორის  დასახმარებლად, სწორედ იმას ემსახურება, რომ ქვეყნის  ელექტროენერგეტიკული განვითარების კუთხით  ძალიან სწრაფად  მოხდეს იმ დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას  მიიყვანს ამ ეტაპამდე“, -  აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა, იმავდროულად გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება.