ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსული ჯარები ფრონტზე სავარაუდოდ, Starlink-ის ტერმინალებს იყენებენ.

ბიზნესმენმა ამ ცნობებს „მცდარი“ უწოდა და თქვა, რომ „ამერიკული აეროკოსმოსური კერძო კომპანია SpaceX არ ყიდის ამ ტერმინალებს რუსეთზე“.

„არაერთი ყალბი ახალი ამბავი ამტკიცებს, რომ SpaceX ყიდის Starlink-ის ტერმინალებს რუსეთზე. ეს ცალსახა ტყუილია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც ერთი Starlink არ გაყიდულა რუსეთზე პირდაპირ თუ ირიბად“, - აღნიშნა მან.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სავარაუდოდ, Starlink-ის ტერმინალებს იყენებენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა ფრონტზე რუსული ჯარების მიერ თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება.

მოხსენების თანახმად, რუსი სამხედროების ფარული მიყურადება მიუთითებს, რომ ინტერნეტთან წვდომის მიზნით, Starlink ტერმინალები დამონტაჟდა, კერძოდ, დონეცკის რეგიონში მოქმედი რუსული ძალების 83-ე სადესანტო ბრიგადის დანაყოფებში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა RBC-Ukraine-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ Starlink-ის ტერმინალების ომში გამოყენების მასშტაბები იზრდება.

Starlink-მა უარყო ეს და თქვა, რომ SpaceX, რომელიც მართავს ამ სატელიტურ საკომუნიკაციო ქსელს, „არანაირ საქმიანობას არ ეწევა რუსეთის მთავრობასთან ან მის სამხედროებთან“.

„Starlink რუსეთში არ მუშაობს, ანუ სერვისი არ იმუშავებს ამ ქვეყანაში. SpaceX-ს არასოდეს გაუყიდია Starlink რუსეთში და არც აღჭურვილობა გაუგზავნია. თუ რუსული მაღაზიები აცხადებენ, რომ ყიდიან Starlink-ს ამ ქვეყანაში მომსახურებისთვის, ისინი ატყუებენ მომხმარებლებს“, - აცხადებენ კომპანიაში.