გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელა.
მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, შემოწმდა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, წყალტუბოსა და ხობის მუნიციპალიტეტებში არსებული 58 საძოვარი, საერთო ფართობით 6 902.81 ჰა. მონიტორინგის შედეგად, 22 ნაკვეთზე (4 390 ჰა) სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა.
საძოვრებზე განთავსებული იყო პროგრამაში დაურეგისტრირებელი (3 258 სული), ჩაურთველი (814 სული) და სხვა პირზე რეგისტრირებული პირუტყვი (2 756 სული). ასევე დარღვეული იყო ადგილმონაცვლეობის პრინციპი. იჯარით გაცემულ საძოვრებზე პირუტყვის ძოვების ზღვრული დატვირთვის ნორმების დარღვევა იწვევს გადაძოვებას და ნიადაგის დეგრადაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს საძოვრების პროდუქტიულობას და აზიანებს სოფლის მეურნეობას.
იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქონების ეროვნულ სააგენტოს.
სააგენტომ, გაიჯარებული საძოვრების მონიტორინგის პარალელურად, შეისწავლა ის საძოვრებიც, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიუხედავად, პრეტენდენტთა მხრიდან ინტერესი არ გამოხატულა, მათი რაოდენობა 129 ერთეულს შეადგენს, საიდანაც დათვალიერდა 28 საძოვარი, ჯამური ფართობით 1,425.38 ჰექტარი. როგორც საველე დათვალიერებამ აჩვენა, მსგავსი ტიპის საძოვრები დაბალი სამეურნეო ღირებულებით გამოირჩევა, კერძოდ, მიუვალია, დაქვიანებულია ან გატყევებულია და ა.შ.
მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან. - ნათქვამი უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

