სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 75.1 პროცენტით გაიზარდა და 1 122.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 198.1 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 134.3 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 134.0 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 200.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 169.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 75.8 მლნ. აშშ დოლარით.

