რუსული ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია VK-ს (Vkontakte) ოფიციალური განცხადების თანახმად, Google-ის აპლიკაციების მაღაზიამ — Google Play Store-მა, კომპანიის კუთვნილი აპლიკაციები პლატფორმიდან წაშალა.

შეზღუდვა შეეხო სოციალურ ქსელ VK (Vkontakte)-ს და მესინჯერ Max Messenger-ს.

კომპანია VK-ში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია Google-ის გადაწყვეტილების შესახებ. მათი თქმით, მიუხედავად აპლიკაციების მაღაზიიდან გაქრობისა, სერვისები მომხმარებლებისთვის კვლავ ფუნქციონირებს.

VK-მ უკვე მოუწოდა თავის მომხმარებლებს, არ წაშალონ აპლიკაციები თავიანთი მოწყობილობებიდან. კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აპლიკაციების ჩამოსატვირთად ხელმისაწვდომია ალტერნატიული გზები, მათ შორის რუსული პლატფორმები (მაგალითად, RuStore).

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური ტექნოლოგიური კომპანიები რუსული აპლიკაციების წინააღმდეგ ზომებს იღებენ. მსგავსი ნაბიჯები ხშირად უკავშირდება სანქციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს და პლატფორმების შიდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რიგი რუსული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვას.

ამ დროისთვის Google-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური დეტალური განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ტექნოლოგიური კორპორაციის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.