მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.
სულ პროგრამაში 20 განაცხადი შევიდა, რომელთაგან პირობები მხოლოდ აღნიშნულმა ხუთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.
პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 2025 წელს 676,685.75 ლიტრი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია.
პროგრამის პირობების შესაბამისად, კომპანიებმა მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაზარდეს ექსპორტის მოცულობა ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრებზე.
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით დაამტკიცა.
პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ პრიორიტეტულ ბაზრებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დსთ-სა და სუამ-ის ქვეყნების გარდა.

