ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრაში (CAREC Senior Officials Meeting) მონაწილეობს, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც CAREC - ის ეგიდით დაგეგმილ აქტივობებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის CAREC 2030 განხორციელებასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ელექტრონული კომერცია და სხვა.

როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო ადმინისტრირების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ვაჭრობისა და სავაჭრო ფინანსური დოკუმენტაციის უკეთესი სინერგიისა და თავსებადობის მიღწევა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა CAREC - ის ქვეყნებს შორის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომუშავე საბაჟო გამშვები პუნქტების ამოქმედების მნიშვნელობას, რაც შეიძლება გახდეს „შუა დერეფნის“ ფარგლებში მოვაჭრეთა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - ბიუროკრატიულ პროცედურებზე დიდი დროის ხარჯვის, მოგვარების გზა.

მისი თქმით, აღნიშნული რეგიონული პროექტის მიზანშეწონილობის კვლევა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მას პირველად საქართველო და აზერბაიჯანი საპილოტე რეჟიმში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებენ.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი, CAREC - ის ქვეყნებს შორის, პირველები იქნებიან, სადაც  "ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომუშავე საბაჟო გამშვები პუნქტები ამოქმედდება. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  CAREC-ის 2030 წლის სატრანსპორტო სტრატეგია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სტრატეგიულ მიზნებთან და ამოცანებთან. მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ხედვას, რომელიც ფოკუსირებულია ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, გზებსა და საგზაო აქტივების მართვაზე, რკინიგზაზე, საგზაო უსაფრთხოებასა და ავიაციაზე.

„ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა. უკვე აშენდა 300 კმ-ზე მეტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც CAREC-ის დერეფნის ნაწილია. დასკვნით ფაზაშია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წლიურ გამტარუნარიანობას 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზრდის. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტს, ეს ის მნიშვნელოვანი აქტივებია, რომლებიც აძლიერებს საქართველოს პოზიციას შუა დერეფნის პროექტში,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებზე, რომლის მიზანია ქვეყნის, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბად ჩამოყალიბება.  

გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ენერგეტიკის, ელექტრონული კომერციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორებში, აგრეთვე კლიმატის ცვლილების გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.