შეხვედრაზე მხარეებმა რძისა და რძის პროდუქტების სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, რძისა და რძის პროდუქტების სექტორის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამის პროგრამებზე და ინიციატივებზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის გაძლიერებას და წარმოების ზრდას.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ ბოლო დროს განსაკუთრებით გააძლიერა კონტროლი რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენის მიმართულებით, რაც სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას და ბაზარზე სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ქართული რძის ნიშნის ფედერაცია 50-მდე საწარმოს აერთიანებს. საწარმოების წარმომადგენლები ნედლ რძეს 12 000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან აგროვებენ და სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების დაცვით წარმოებულ მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების რეალიზაციას ქსელურ მარკეტებში ახდენენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ასევე, სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

