რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი ევროპაში, 2022 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42 პროცენტით გაიზარდა, წერს Financial Times საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.

2022 წელს რუსეთიდან LNG შეადგენს ამ საწვავის მთელი ევროპული საზღვაო იმპორტის 16 პროცენტს. თითქმის მთელი მოცულობა საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში გადანაწილდა, წერს FT.

მთლიანობაში, რუსეთმა ევროპაში 17,8 მილიარდი კუბური მეტრი LNG-ის ექსპორტი მოახდინა და გახდა მეორე უდიდესი მიმწოდებელი რეგიონში. პირველ ადგილს აშშ იკავებს 42 პროცენტიანი წილით, ხოლო მესამეზე კატარია 13,7 პროცენტით.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება მილსადენებით, ევროპული ქვეყნები შევიდნენ LNG-ის ბაზარზე შემცირებული მოცულობის კომპენსაციის მიზნით. Refinitiv-ის ანალიტიკოსების თქმით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ევროპამ რეკორდული 111 მილიარდი კუბური მეტრი LNG შემოიტანა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 70 პროცენტით მეტია.

"პუტინმა შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძოს და თქვას: "ჩვენ შევწყვეტთ LNG-ის მიწოდებას ევროპისთვის", და იგი აიძულებს რეგიონს, იყიდოს კიდევ უფრო ძვირად", - აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის მკვლევარი ენ-სოფი კორბო. "რუსეთს თეორიულად შეუძლია გაზის ტანკერების გადამისამართება ღარიბ ქვეყნებში, როგორიცაა ბანგლადეში და პაკისტანი, რათა მიაღწიოს პოლიტიკურ სარგებელს და ზეწოლა მოახდინოს ევროპელებზე", - თქვა მან.