ევროკავშირი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტში რუსული თხევადი აირის მიწოდების აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

"სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესაკავებლად", –დასძინა ბილსტრიომმა.

ევროკავშირმა ემბარგო დააწესა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე, მილსადენით მიწოდებულ გაზსა და თხევად გაზს აკრძალვა არ შეხებია, თუმცა მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებების შემდეგ.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმების არარსებობის გამო რუსეთის გაზის მიწოდებაზე ემბარგო სანქციების წინა პაკეტში არ იყო გათვალისწინებული, ავსტრია და უნგრეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ძლიერ დამოკიდებულნი რჩებიან.

რუსეთი, აშშ-ის შემდეგ, ევროკავშირში თხევადი გაზის მიწოდების მონაცემებით მეორე ადგილზეა და გასული წლის მონაცემებით, ბაზრის 16% უჭირავს. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 15 მილიონი ტონა რუსული თხევადი გაზი მოიხმარეს, რაც თითქმის 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტო მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ ესაჭიროება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, რათა თავიდან აიცილოს ენერგოპრობლემები, ორგანიზაციის ანგარიშს Financial Times ციტირებს.