„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში იმ დამსაქმებელთა მხარდაჭერა, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმები გააჩნიათ.
ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
მათი განმარტებით, კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება, 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.
„2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
კანონი ასევე ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.
მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.
დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.
კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.
2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.
დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე“, – ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.