დონალდ ტრამპმა შეაჩერა 2 აპრილს მის მიერ თითქმის ყველა სახელმწიფოსთვის დაწესებული "სარკისებური" ტარიფების მოქმედება, მისი თქმით, ათობით სახელმწიფო აშშ-სთან ახალ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. 

ერთადერთი გამონაკლისი, რომელთანაც ტარიფები კვლავაც იმოქმედებს ჩინეთია, მეტიც ტრამპმა ჩინურ იმპორტზე ტარიფები 104%-დან 125%-მდე გაზარდა. 

ტრამპის თქმით, 2 აპრილს დაწესებული ტარიფების მოქმედება 90 დღით შეჩერდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში იმოქმედებს ბლანკეტური 10%-იანი სავაჭრო ტარიფები თითოეული ქვეყნის პროდუქციის იმპორტზე.

ჩინეთმა ცოტა ხნის წინ სარკისებურად უპასუხა ტრამპის მიერ დაწესებულ 50%-იან ბაჟს, ამგვარად ამერიკული პროდუქციისთვის ჩინეთში ამიერიდან 84%-იანი ტარიფი იმოქმედებს. ეკონომისტების აზრით, ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების დაწესება ყველაზე მეტად ამერიკელ ფერმერებს დააზარალებს.

აშშ-ს მიერ ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჯამური მოცულობა ბოლო მონაცემებით 145 მილიარდი დოლარია - ამ მოცულობის დიდი ნაწილი მარცვლეულსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზე მოდის.