დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება, გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე მიიღეს. სამომხმარებლო ტარიფების შესახებ პროექტს კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი.
"სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან - ერთი ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით. კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად, კომისია კვლავ იხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს. გაზზეც ტარიფები რჩება უცვლელი, ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფები რჩება უცვლელი," - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

