ქალაქ პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებ ხრესატს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და მიმართულებები განიხილეს.

„ბაზრების დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, მათ შორის აგრარული დარგის გაძლიერებას უწყობს ხელს. იქ სადაც არსებობს თანამშრომლობის რეალური პოტენციალი, ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს და იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს ურთიერთგაგების მემორანდუმზე მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სფეროებში“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ზრდის შესაძლებლობებს.

„მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობის ყველა შესაძლო მიმართულება და თანამშრომლობის პერსპექტივები. იორდანიას აქვს არაერთი პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია ექსპორტირებული იყოს საქართველოში, ხოლო საქართველოს მხრიდან შესაძლებელია მაღალი ხარისხის მეცხოველეობის პროდუქციის, განსაკუთრებით კი ცხვრის, იმპორტი. აღნიშნულ პროდუქტზე იორდანიაში მაღალი მოთხოვნა არსებობს. ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს სავაჭრო ბრუნვა და გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ამ სფეროში. ამასთან ერთად, განვიხილავთ სხვა ტექნიკურ საკითხებსაც, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო სისტემების, ჭკვიანი სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის სერვისების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ქართულ მხარესთან აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო პარტნიორობას“, - განაცხადა იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა საებ ხრესატმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ, 2025 წელს, საქართველოდან იორდანიაში ექსპორტმა 1.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადი საექსპორტო პროდუქცია თხილი იყო. იორდანიიდან საქართველოში, ძირითადად იმპორტირებულია, ფინიკი და მცირე რაოდენობით დაკონსერვებული ბოსტნეული.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს აგრობიზნესის მიმართულებით ინვესტიციების ხელშეწყობაზე, მათ შორის გადამუშავების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების საკითხებზე.