გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლე-ფერმერებს შეხვდა.

მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა და ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს, მათ შორის, ქართული ხორბლის ჯიშების გამოცდისა და განვითარების პროცესს გაეცნო.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ხორბლის წარმოების ზრდას, ისე ქართული ჯიშების შენარჩუნებას, კვლევასა და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული ახალი ჯიშების განვითარებას. დღეს „ლომთაგორაში“ შესაძლებლობა გვაქვს, ადგილზე გავეცნოთ ხორბლის სელექციისა და წარმოების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ასეთი მეურნეობების გამოცდილება და დანერგილი პრაქტიკა მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაზრდისა და ქართული აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ხარისხი გაიზარდოს, ფერმერებსა და აგრომეწარმეებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ და, ამასთან, გაძლიერდეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ლომთაგორა“-ს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხორბლის სელექცია და ახალი ჯიშების გამოცდა. ამ მიზნით, კომპანიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასელექციო-სადემონსტრაციო საქმიანობა და თანამედროვე აგრო ტექნოლოგიების გამოცდა.

კომპანიის საწარმოო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია მარცვლეულის გადამუშავება. საწარმო აღჭურვილია ქვის წისქვილებით და ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილს ამზადებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად „ლომთაგორა“-ში მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი იმყოფებოდნენ.