ვაკის რაიონის გამგეობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას განაგრძობს. ვაკის რაიონისა და ჩეხეთის რაიონის პრაღა 6-ის დამეგობრების 10-წლიანი იუბილე ქალაქ პრაღაში აღინიშნა. საელჩოების ფესტივალის გახსნაზე სიტყვით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, პრაღის მერი ბოჰუსლავ სვობოდა და პრაღის მე-6 რაიონის მუნიციპალიტეტის მერი იაკუბ სტარეკი წარსდგნენ.
ღონისძიებაზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის მე-6 რაიონთან დამეგობრებისა და ათწლიანი თანამშრომლობის ისტორია ასევე დამეგობრებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა გაიხსენა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საფეხბურთო ტურნირი ვაკის რაიონში მდებარე N35 საფეხბურთო სკოლის 2011 წელს დაბადებული მოზარდების გუნდის მონაწილეობით. საერთაშორისო ტურნირში ფეხბურთელებმა სამ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს: საქართველო - თურქეთი (2:0) , საქართველო - იტალია (6:1) , საქართველო - ჩეხეთი (8:1).
ფინალურ თამაშში ჩვენი გუნდი გერმანელების გუნდს შეერკინა და ანგარიშით 0:2 მეორე ადგილზე გავიდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე მათიაშვილი დასახელდა.
ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა დამეგობრებული რაიონის, პრაღა 6-ის მერთან იაკუბ სტარეკთან; ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელ გვანცა ბარქაიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
გამგეობის დელეგაცია გაეცნო ჩეხეთის კულტურასა და ისტორიას.