ჩეხეთის რესპუბლიკის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის - ხავერდოვანი რევოლუციის 34 წლისთავის აღსანიშნავად, 17 ნოემბერს, ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში ვაცლავ ჰაველის ძეგლთან ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი იმყოფებოდა.
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ასევე ჩეხური დიასპორის წარმომადგენლებთან და ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად პეტრ კუბერნატმა გაიხსენა ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ღირშესანიშნავი თარიღი და ასევე, ისაუბრა ვაკის რაიონის გამგეობასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სტუმრებმა ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
1989 წლის 17 ნოემბერს დაიწყო ხავერდოვანი რევოლუცია, რამაც გამოიწვია კომუნისტური რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა ჩეხოსლოვაკიაში. ბერლინის კედლის დაცემიდან ერთი კვირის შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი და უნგრეთი დემოკრატიის გზაზე უკვე მტკიცედ დადგა, აშკარა იყო, რომ აღმოსავლეთის ბლოკი იშლებოდა. რკინის ფარდის დაცემამ დაასრულა თითქმის ნახევარი საუკუნის გაყოფილი ევროპა, შეცვალა ძველი კონტინენტის და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა.