შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წარუდგინა.
ბესიკ ჯიქურაული აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი შონიას შეცვლის. გიორგი შონია კი დღეიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.
ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი კომპანიის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა წლებში ბესიკ ჯიქურაული მუშაობდა კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საბანკო სექტორში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტში.
ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე, არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.

