აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვრებს მიღმა — რეგიონების დაკავშირება და მდგრადობის გაძლიერება“.
სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ვაჭრობას, ინვესტიციებს და უფრო მტკიცე რეგიონულ თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სატრანსპორტო დერეფნები ცალკეული ეროვნული ინვესტიციებიდან კოორდინირებულ რეგიონულ სისტემებად, რომლებიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპასა და გლობალურ ბაზრებს.
დისკუსიის მიმდინარეობისას, განხილულ იქნა, თუ როგორ შეუძლია რკინიგზას, პორტებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს, ერთობლივი მუშაობა დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად, ვაჭრობის ხელშესაწყობად და ეკონომიკური მდგრადობის ასამაღლებლად.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა შუა დერეფნის საიმედოობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, იმ მექანიზმებზე, რომელსაც ქვეყანა იყენებს დერეფნის ქვეყნებს შორის ეფექტიანი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.
გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის ისტორიულ როლსა და მის დღევანდელ პერსპექტივაზე.
აღინიშნა, რომ საქართველომ ამ სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაზე ზრუნვა წლების წინ დაიწყო და დღეს, მისი პოტენციალის გაზრდაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან.
საუბარია, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო და საპორტო ინფასტრუქტურის ფუნქციონირებაზე.
ამავე კონტექსტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ენერგო დერეფნის მუშაობის მნიშვნელობას, რომლითაც ხდება ბუნებრივი აირისა და ნავთობის, ასევე, ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით.
„დღეს ვხედავთ, რომ შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია ცენტრალური აზია. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს შანსი, ერთხმად იმოქმედოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალის გაზრდისთვის. ეს კოორდინაცია გვაძლევს იმედს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტი მომავალში მიმზიდველი იქნება თავისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამსახურებით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
დისკუსია გახსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა.
პანელში მონაწილეობდნენ AIIB-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერჰატ კოქსალი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი პროფილური უწყების გენერალური დირექტორი იალჩინ ეიიგუნი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის აზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი იუკონ ჰუანგი და პანელის მოდერატორი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საჯარო სექტორში მოქმედ კლიენტთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სიაოჰონგ იანგი.