საქართველოს საპენსიო ფონდის 30 აპრილის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 735 ათასი ადამიანია.
2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 31, 286 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 153,2 მილიონი ლარი.
აპრილის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აპრილის თვის შედეგებით, აპრილში საპენსიო ფონდის პორტფელებმა ძლიერი აღდგენა აჩვენა, რასაც, მარტში გაზრდილი მერყეობის შემდეგ, გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრმა გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.
ინვესტორთა განწყობა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაუმჯობესდა. ამავდროულად, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დადებითი კვარტალური შედეგები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული განახლებული ოპტიმიზმი ტექნოლოგიურ და ნახევარგამტარების სექტორებზე პოზიტიურად აისახა. აღნიშნულმა გარემოებამ განსაკუთრებით იმ პორტფელების შედეგებზე იმოქმედა, სადაც საერთაშორისო აქციების წილი შედარებით მაღალია.
აპრილში ყველაზე მაღალი, 5.12%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 3.79% და 2.25% შეადგინა.
წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის შედეგი დადებითია:
დინამიკური - 6.35%
დაბალანსებული - 5.35%
კონსერვატიული - 4.57%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.0%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.5% და 10.3%-ია.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აპრილის ბოლოსთვის 9.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა - 2.6 მილიარდ ლარს.

