დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ოფიციალური კატარი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში პროცესები, შესაძლოა, უმართავი გახდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებითა და მათი განადგურებით იმუქრება. „თუ ესკალაცია უკონტროლოდ გაგრძელდება, საბოლოოდ მივიღებთ სიტუაციას, რომლის მართვაც შეუძლებელი იქნება. ჩვენ ამ ზღვარს ძალიან მივუახლოვდით“, — განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ.
მისივე თქმით, დოჰა ყველა მხარეს მოუწოდებს, იპოვონ გამოსავალი და შეაჩერონ ომი, „სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან“. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული ვადა დაასახელა: ირანმა შეთანხმებას სამშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები საჰაერო იერიშების მასშტაბურ გაძლიერებას გეგმავს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის „განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი“ და ხაზგასმით მიანიშნა უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო ოპერაციაზე.

