WHO-ს ავტორიზაციამდე საქართველომ შესაძლოა “სინოვაკით” ვაქცინაცია დაიწყოს

8

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით, “სინოვაკით” აცრა დაიწყოს.

“არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე დღეში “სინოვაკით” აცრა დაიწყოს, რადგან არგუმენტი ამისთვის არსებობს, რომელსაც ვაქცინაციის საბჭოზე წარვადგენთ დღეს და განვიხილავთ. ჯანმოში პირველადი განხილვა აღნიშნულ ვაქცინაზე უკვე იყო და ველოდებით კიდევ ერთ განხილვას. ის ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და დაახლოებით 160-170 მლნ დოზაზე მეტია გამოყენებული. ასევე “სინოვაკი” ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, ისევე როგორც ევროპულში. საბჭო იმსჯელებს და ან გადავწყვეტთ დაწყებას, ან დაველოდებით”, – განაცხადა მან.

გამყრელიძეს არაავტორიზებული ვაქცინით აცრის შესაძლო დაწყების არგუმენტად მოყავს ენტონი ფაუჩის მიერ ნათქვამი მოსაზრება: “აიცერით იმ ვაქცინით, რომელიც გაქვთ”.

“სინფარმზე” უკვე აცრილია 10 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი და დაახლოებით 30 ათასს ჯავშანი აქვს გაკეთებული. 100 ათასი დოზა “სინოფარმი” გვაქვს, მაგრამ სრულად ვერ გამოვიყენებთ. 50 000 ადამიანს ავცრით, რადგან მათთვის მეორე დოზები უნდა შევინახოთ. მართალია “სინოფარმს” კიდევ ველოდებით, თუმცა ზუსტი თარიღი არ ვიცით, ამიტომ მეორე დოზები უნდა შევინახოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, იმუნუზაციის საბჭო დღეს გაიმართება, სადაც სავარაუდოდ სწორედ “სინოვაკით” ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელებენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში 100 000 დოზა “სინოვაკის” ვაქცინაა.

Comments
Loading...