Twitter ახალ ფუნქციას ამატებს, რომლითაც ტვიტების აუდიტორიას გააკონტროლებთ

7

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ზე პოსტების რედაქტირება ჯერ კიდევ არაა შესაძლებელი და კომპანია ახლა მღელვარე პერიოდს გადის, იგი უკვე დამატებით ფუნქციებზე მუშაობს.

სამშაბათს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ტვიტის მიხედვით, ისინი Twitter Circle-ს — ახალ ფუნქციას ცდიან. ამ ინფორმაციასთან ერთად Twitter-მა ფუნქციის გამოყენების ამსახველი ვიდეოც გაგვიზიარა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, Twitter Circle იქნება Instagram-ის ისტორიების Close Friends-ზე გადაყვანისა და Facebook-ზე პოსტების აუდიტორიის შერჩევის მსგავსი ფუნქცია. მისი საშუალებით შეძლებთ, მთლიანი პროფილის დახურვის გარეშე განსაზღვროთ, თუ ვინ ნახავს თქვენს ცალკეულ პოსტებს. Circle-ის გამოყენებით, გექნებათ შესაძლებლობა, ნებისმიერ ტვიტისთვის ცალკე განსაზღვროთ აუდიტორია. ფუნქცია გაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, გახადოთ თქვენი პოსტი ყველასთვის ხელმისაწვდომი, ან ადამიანების გარკვეულ ჯგუფამდე შეზღუდოთ მასზე წვდომა.

Twitter Circle მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამომწერებიდან ან სხვა მომხმარებლებიდან ცალკეული პოსტებისთვის მაქსიმუმ 150 ადამიანისგან შემდგარი აუდიტორია — Circle შექმნან. როდესაც ტვიტს Circle-ით გამოაქვეყნებთ, მხოლოდ ამ 150-მდე ადამიანს შეეძლება მისი და მასზე დატოვებული კომენტარების ნახვა. Circle-ის წევრებად არჩეული ადამიანები ვერ შეძლებენ თქვენი აუდიტორიის სრული სიის ნახვას და ვერც Circle-ით გამოქვეყნებულ ტვიტებს გააზიარებენ.

ამ დროისთვის, მომხმარებლების იმ ჯგუფს, რომლებიც ფუნქციას ამოწმებენ, მხოლოდ ერთი Circle-ის შექმნა შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ტვიტისთვის სხვადასხვა აუდიტორიის არჩევა ჯერჯერობით შეუძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენ სხვა ადამიანის Circle-დან თავს ვერ წაიშლით, თუმცა შეძლებთ ცალკეული ტვიტს შეტყობინებები გამოურთოთ.

Twitter-ის FAQ-ის მიხედვით, Circle ფუნქცია Twitter Communities-გან განსხვავებულია. ეს უკანასკნელი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა და იგი Facebook-ის ჯგუფების მსგავსად მოქმედებს. Twitter Communities-ში იმ მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებსაც მისი შემქმნელი დისკუსიაში მონაწილეობისთვის იწვევ. Circle კი მიზნად ისახავს, ტვიტების გაზიარება მხოლოდ იმ ადამიანებთან შევძლოთ, რომლებსაც ავირჩევთ და არა პლატფორმის ყველა მომხმარებელთან, ან ჩვენს ყველა გამომწერთან.

Twitter Circle ამჟამად მხოლოდ მომხმარებლების შეზღუდული ჯგუფისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებიც მის iOS, Android და ვებ ვერსიებს ცდიან.

Comments
Loading...