RMG-ის პროექტი თეთრიწყაროს რაიონში იწყება

234

კომპანია RMG თეთრიწყაროს რაიონში ახალ, პოლიმეტალურ საბადოზე სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, შპს "კავკასიის სამთო ჯგუფმა" სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონში „ბნელიხევის“ საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე ჩაატარა დეტალური საძიებო სამუშაოები, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ამ საბადოზე მარაგებიც დამტკიცდა. 2017 წლის პირველ ნახევარში 65 ჰა ფართობზე არქეოლოგიური კვლევები განხორციელდა. არქოლოგიური კვლევები დამატებით ჩატარდა სამრეწველო მოედანთან დამაკავშირებელ (მისასვლელ) 4 900 მეტრიან გზის მონაკვეთზე.

კომპანიის ინფორმაციით არსებობს შესაბამისი უწყების დადებითი დასკვნა, რომ ასეულობით საცდელ – საძიებო თხრილებიდან არც ერთში არ დასტურდება არქეოლოგიური ობიექტის ან კულტურული ფენის არსებობა.

სააგენტოსთან საუბრისას RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ განაცხადა: "2017 წლის 4 აგვისტოს კომპანია RMG-იმ თეთრიწყაროს რაიონში ახალი პოლიმეტალური საბადოს დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის პრეზენტაცია ჩავატარეთ. ჩვენ წარმოვადგინეთ პროექტის ისტორიული ინფორმაცია, მოსამზადებელი – არქოლოგიური და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების მიერ გამოვლენილი შედეგები, პროექტის საინვესტიციო და ფინანსური მაჩვენებლები, პროექტის გარემოსდაცვითი მიმართულების მიმოხილვა და სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რაც მოიცავს 500-მდე ადამიანის დასაქმებასა და რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ასევე განვიხილეთ კომპანიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (ფიტარეთის მონასტერსა და ხულუტის ციხეზე) პატრონაჟის და საზოგადოებისათვის საინტერესო ყველა საკითხი. ამავე პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ პროექტის ეტაპებზე და ვადებზეც. ახლა უკვე გვქავს ყველა შესაბამისი ნებართვა და პროექტის ფარგლებში ვიწყებთ სატყეო სამუშაოებს. პროექტის დაწყებასთან დაკავშირებითაც მედიის საშუალებით გვინდა ღიად და გახსნილად კიდევ ერთხელ ვაცნობოთ ფართო საზოგადოებას. მეტიც ჩვენი კომპანია პერიოდულად პროექტის მიმდინარეობის შესახებ გეგმავს ფართო სპექტრის საინფორმაციო კამპანიის წარმოებას.

მათ შორის არის ფიტარეთის სამონატრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების თემაც. ამ საკითხზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გავაფორმეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მუნიციპალიტეტსა და ეპარქიებთან მემორანდუმი ფიტარეთის მონასტრისაკენ მიმავალი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ეს სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. უახლოეს ხანში კი უფრო მეტ სასიამოვნო სიახლეს შემოგთავაზებთ და ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ეს საინტერესო იქნება".

RMG-ს ინფორმაციით ამ პროექტის დამუშავება კომპანიამ 2012 წელს დაიწყო და 9 500 000 მლნ ლარის გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებია შესრულებული. ხოლო საბადოს ოპერირებისათვის კომპანია დამატებით 30 000 000 ლარის ინვესტირებას გეგმავს. პროექტის განხორციელებისათვის დამატებით კომპანია RMG დაასაქმებს დაახლოებით 500 ადამიანს, მათ შორის უმეტესობა იქნება თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები. ამ პროექტზე კომპანიას დამტკიცებული აქვს ათვისების 5 წლიანი გეგმა, რომლის თანახმადაც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევა 5 160 323 ლარი, ხოლო რეგულირების საფასურის სახით – 2 622 680 ლარი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული გათვლები ამ დროისთვის მინიმალურია, რადგან საბადოს განვითარებასთან ერთად, დამატებითი შესწავლის შემდგომ მოსაკრებლებისა და რეგულირების გადასახადის ოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ RMG ჯგუფის მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აღებულ იქნა 250 000 ლარის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულება, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია, ამასთან ერთად RMG-ის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე დამატებით სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი ღონისძიების დაფინანსებას გეგმავს.

Comments
Loading...