Range Rover Batumi Gold – ავტომობილი, რომლის ერთ-ერთ ფერს ბათუმის სახელი დაარქვეს, ქართველმა მომხმარებელმა იხილა

526

16 აპრილს თბილისში, Jaguar Land Rover-ის შოურუმში ქართველმა მომხმარებელმა ლეგენდარული ავტომობილი – ახალი Range Roverიხილა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, „ჯი-თი მოტორსმა“ გადაწყვიტა, გრანდიოზული ღონისძიება არ გაემართა. ამიტომ დახურულ ჩვენებას მხოლოდ კომპანიის VIP მომხმარებლები და Range Rover-ის მფლობელები ესწრებოდნენ.

მსოფლიო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის განახლებულ მოდელს რამდენიმე წელი ელოდა. ახალი Range Rover-ის პრეზენტაცია ოქტომბერში, ონლაინ რეჟიმში წარიმართა. სწორედ ამ პრეზენტაციაზე წარადგინეს ექსტერიერის ერთ-ერთი ძვირადირებული ფერი – Batumi Gold. ახლა Range Rover Batumi Gold უკვე თბილისშია.

„გვიხარია, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ახალი Range Rover წარადგინა. ცხადია, შოურუმში ამ მოდელის სხვადასხვა ფერს შეხვდებით, თუმცა, გასაკვირი არცაა, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში Range Rover Batumi Gold მოექცა. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ წინასწარი შეკვეთები ჯერ კიდევ ოქტომბერში, წარდგენის დღეს მივიღეთ.ის, რომ მსოფლიო ბრენდმა ავტომობილის ექსტერიერის ერთ-ერთ ფერს ჩვენი ზღვისპირა ქალაქის სახელი დაარქვა, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საამაყოა. მიხარია, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად Jaguar Land Rover-თან წარმატებული თანამშრომლობაც სახელდება,“ – აცხადებს „ჯი-თი მოტორსის“ გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილი.

როგორც ჩანს, Range Rover-ის შემოქმედებითი გუნდი ბათუმის შთამბეჭდავი ხედებითა და მზის ჩასვლით მოიხიბლა. ავტომობილის ახალი ფერი სწორედ ზღვაში ჩამავალ მზესთან ასოცირდება. თუმცა, ბრიტანულმა ავტოგიგანტმა ფერს სახელი არა მხოლოდ ბათუმის სილამაზის გამო დაარქვა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისის წარმატებული მუშაობამაც. ოფისი ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.

“Jaguar Land Rover-ისა და „ჯი-თი მოტორსის“ თანამშრომლობა 14 წლის წინ დაიწყო. ეს საქმიანი ურთიერთობა წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძლიერდება. „ჯი-თი მოტორსს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ეს ძალიან კარგად ეტყობა დღევანდელ ღონისძიებასაც. მათ საკუთარ მომხმარებლებთან ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. სწორედ ქართველ მომხმარებელს, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარვუდგინეთ ახალი Range Rover. ღიმილი სტუმრების სახეებზე ძალიან სასიამოვნო სანახავია. ვხვდები, რომ ეს ავტომობილი ქართველ მომხმარებლებში მარლაც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს,” – აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის რეგიონული ოფისის გაყიდვების დირექტორი რობ პრესტონი.

დიზაინერებმა Range Rover-ის განახლებული მოდელის ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შეინარჩუნეს. ამიტომ, ერთი შეხედვით არის შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ნამდვილად Range Rover-ს ვუყურებთ. დიზაინი მოდერნიზებულია, სტილი კი მეტად დახვეწილი და მინიმალისტური. შეიძლება ითქვას, რომ Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია.

„ჯი-თი მოტორსში“ ამბობენ, რომ Range Rover-ის ყველა მოდელი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, უკვე გაყიდულია. რადგან მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამავე მიზეზით, ამ ეტაპზე „ჯი-თი მოტორსში“ შეკვეთების მიღებაც შეზღუდულად მიმდინარეობს.

Comments
Loading...