Pfizer აცხადებს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა “ომიკრონს” ანეიტრალებს

10

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს “ომიკრონს” ანეიტრალებს. ორი დოზის შემთხვევაში ეფექტურობა უფრო დაბალია. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც კომპანიებმა ოთხშაბათს გაავრცელეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ მესამე დოზა “ომიკრონის” მიმართ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ანალოგიურ დონეს იწვევს, როგორც ორი დოზის შემთხვევაში სხვა ვარიანტების წინააღმდეგ, რომლებიც მანამდე ფიქსირდებოდა”, – აღნიშნავენ კომპანიები.

ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ ორი დოზის მიღების შემთხვევაში ეფექტურობა “ომიკრონის” წინააღმდეგ მნიშვნელოვნად დაბალია.

“ეს მიუთითებს იმაზე, რომ BNT162b2-ის ორი დოზა “ომიკრონის” შტამით ინფიცირებისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, Pfizer და BioNTech ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” წინააღმდეგ სპეციფიკური ვაქცინა 2022 წლის მარტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული – ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

Comments
Loading...