NPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე ფერმერებისთვის ინოვაციური მეთოდების გაზიარებაზე იმსჯელეს

355

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-14 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან ENPARD II -ის ფაზის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე, ასევე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტებზე ისაუბრა.

ევროკავშირის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა ალვარო აპარიციო ორტეგამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ისაუბრა ENPARD-ის III ფაზის მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე.

შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ENPARD-ის პროექტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ და გამოცდილებები გაეზიარებინათ. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს დღის თემაზე – უახლესი კვლევები და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში. დისკუსიას FAO/ENPARD-ის პროექტის მენეჯერი და მხარდაჭერის ოფიცერი, ხავიერ სანზ ალვარესი უძღვებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამეცნიერო კვლევების შედეგების გადაკვეთა პრაქტიკულ სამუშაოებთან. ანუ როგორ უნდა აითვისონ ინოვაციური მეთოდები არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ფერმერების დატრენინგებაში. ინოვაციებში იგულისხმება უახლესი ელექტრონული სერვისები, გუმჯობესებული სათესლე მასალები, რომლებიც მდგრადია დაავადებებისა და მწერების მიმართ, ამინდის პროგნოზირების უახლესი, სატელიტური მეთოდები და ა.შ. კომიტეტის თითოეულმა წევრმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა უახლესი მიღწევების ყოველდღიურობაში დანერგვის გზების შესახებ.

FAO-მ და UNDP-მ საზოგადოებას LEADER-ის მიდგომის მქონე მუნიციპალიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მოკვლევის შედეგები, რომლებიც ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დაყრდნობით შედგა, ENPARD III-ის ქვეშ გასახორციელებელ პროექტებს საფუძვლად დაედება.

ღონისძიების ბოლოს  ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა პრეზენტაციები შედგა. ორგანიზაციების UNDP, Mercy Corps, Care, PIN, Oxfam, RDFG, HEKS-EPER, GIPA წარმომადგენლებმა ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტების აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთაც თავის მხრივ, მოკლედ მიმოიხილეს საკუთარ პროექტებში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობები.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge

Comments
Loading...