ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა.

სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%  - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.

„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.