საქართველოში საავტორო უფლებების დაცვაზე, ამ სფეროში ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებზე და კანონმდებლობაზე „აიპრესი“ უკვე წლებია წერს. ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცვლილებების განხილვა დაიწყო. გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სფეროში არსებულ პრობლემებზე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს.

უცხოელი პარტნიორების ჩართულობით  (CLDP, USPTO, WIPO, USAID), ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტს საავტორო უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარუდგინა.

როგორც აღმოჩნდა, ავტორთა კუთვნილი თანხები იფლანგებოდა და არამიზნობრივად, ასოციაციის ადმინისტრაციულ ხარჯებზე: თავმჯდომარის და მოადგილეების ხელფასებზე და პრემიებზე, ავტომობილების და ოფისების შეძენაზე, თავმჯდომარის უცხოეთში განათლების მიღებაზე, მივლინებებზე იხარჯებოდა. „ორგანიზაცია, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა ნახევარ წილში უზის ავტორებს - განაცხადა საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

აუდიტის დასკვნის გაჟღერების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Pia.ge ავრცელებს. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

მირიან კულულაშვილმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Pia.ge-ს დაუდასტურა, თუმცა უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას, ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა და უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას, მირიან კულულაშვილმა უპასუხა:

“კი, მაგრამ არ მსურს კომენტარის გაკეთება, რომ მნდომებოდა საჯაროდ განვაცხადებდი, რასაც ჩავთვლი საჯაროდ სათქმელად, ვიტყვი საჯაროდ“, - აღნიშნა კულულაშვილმა.

საავტორო უფლებათა ასოციაციაში არსებულ დარღვევებზე, ბიზნესის და ავტორების უკმაყოფილებაზე ქართული მედია წლებია წერს.

გამოცემა „ნეტგაზეთი“ ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა, რომ ქართველი ბიზნესმენები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ასოციაცია განსაკუთრებით აქტიური იყო ლიცენზიების გაცემასა და ობიექტებიდან თანხის ამოღებაში, მაშინ, როცა ავტორები ამბობდნენ, რომ ასოციაცია მათ ჰონორარებს არ უხდიდა.

სტატიაში “ჰონორარების ძიების სევდიანი სიმღერა“ გამოცემა წერდა, რომ ასოციაცია შეგროვებული ჰონორარის მხოლოდ ნახევარს გასცემდა. ასოციაციის 2016 წლის ანგარიშში ეწერა, რომ ორგანიზაციამ გასულ წელს ლიცენზიის მფლობელებისგან 4,081 916 ლარი მიიღო და აქედან 2,106,459 ლარი გასცა ავტორებზე ჰონორარების სახით.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, მირიან კულულაშვილი მაშინ ამბობდა, რომ ასოციაცია იხდის საშემოსავალო გადასახადებს, ასევე იტოვებს ადმინისტრაციულ პროცენტს, რომელიც სეგმენტიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 20%-ს შეადგენს. წლევანდელი აუდიტორული შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტორების და ბიზნესმენების პრეტენზიები იყო სამართლიანი და ავტორებისთვის შეგროვილი ჰონორარების თითქმის ნახევარს, ნაცვლად 20%-ისა, ადმინისტრაცია საკუთარ ანაზღაურებაზე, ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარიან ხელფასებზე და დანამატებზე, ავტომობილებზე და ოფისების შეძენაზე ხარჯავდა.

„აიპრესი“ დაუკავშირდა ბატონ მირიან კულულაშვილს, რომელმაც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აუდიტის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, თავად ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ ქვეყანა დატოვა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. „აიპრესი“ რამდენიმე დღეა ცდილობს მასთან დაკავშირებას და სატელეფონო ზარზე უცხო ქვეყნის მობილური ოპერატორის ავტომატური შეტყობინება გვხვდება.

აუდიტორული დასკვნით აღმოჩენილი დარღვევების და გაფლანგვის ფაქტების მოსმენის შემდეგ გიგა კობალაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაც მალე დატოვა, მაგრამ "აიპრესმა" მოახერხა მასთან მოკლე კომენტარი ჩაეწერა: "აუდიტმა, რომელიც ჩატარდა ჩვენთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ დაადგინა ვერანაირი დარღვევა. ყველაფერი კეთდება და ხორციელდება ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს.

დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის.

კი ბატონო ნაყიდია უძრავი ქონება... ავტომობილები ჩვენ გვაქვს, იმიტომ  რომ მონიტორინგს როცა ვაკეთებთ, ადამიანები დადიან.

პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი თანხები შემცირდა დაახლოებით 47-50%-ით 2020 წელს და 45%-ით 2021 წელს, რა თქმა უნდა მოიმატა ხარჯებმა, იმიტომ რომ ხარჯების ურთიერთმიმართება შეგროვებულ ჰონორართან გაიზარდა, რადგან პანდემიის გამო შეგვიმცირდა, გაგვინახევრდა შემოსავალი.

უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. ვინმეს ძალიან რომ უნდოდეს, ეს ვერ მოხდება ვერაფრით" განუცხადა გიგა კობალაძემ "აიპრესს".

საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) და mისი თავმჯდომარის, გიგა კობალაძის საქმიანობით ქართველი ავტორები და შემსრულებლები წლების განმავლობაში უკმაყოფილოები იყვნენ და მუდმივად ჩიოდნენ მცირე ჰონორარების და უპასუხისმგებლობის გამო. მათი პრეტენზიები რომ სამართლიანი იყო, აუდიტის დასკვნამიც დაადასტურა.

სანამ აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გადავავლებთ თვალს, მოდით, ვნახოთ, რამდენს იღებდნენ ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც არიან ნუნუ გაბუნია, ჯემალ სეფიაშვილი, რუსა მორჩილაძე...

„რატომ ხდება რომ გიგასგან სულ ვიღებთ ერთი და იგივე თანხას  მრავალი წლის მანძილზე, რატომ ხდება ეს? მე მაგალითად, სტაბილურად, 3 თვის განმავლობაში, ვიღებ 1040–1050 ლარს“ – განაცხადა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ. მან GCA დატოვა და ავტორთა მიერ ბოლო დროს შექმნილ ახალ გაერთიანებაში, GERA-ში გადავიდა.

რუსა მორჩილაძე: წლების განმავლობაში კუთვნილის მხოლოდ მემილიონედი მიმიღია საავტორო შემოსავალი. არაფერი იცვლებოდა, მე იურისტი არა ვარ რომ რაღაც  ვამტკიცო, მაგრამ ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ იქ არ იყო კეთილსინდისიერი დამოკიდებულება  ყველა ავტორის მიმართ. მე ჩემი სახელით ვლაპარაკობ მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს აზრზეა ათასობით ადამიანი.

ნინი ბადურაშვილი: ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა სამ თვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ დამრიცხოდა მხოლოდ 120 ლარი. რა პრინციპით ითვლებოდა ჰონორარი, ან როგორ ხდებოდა და დღეს რა ხდება თქვეnთან? თუ შეიძლება მოგვიყვეთ, როგორ შეიძლებოდა, რომ ყოველთვის  ჩემს ანგარიშზე ყოფილიყო 120 ლარი ან 130 ლარი?“

ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ საინტერესოა, რამდენს იღებდა თავად ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე...

ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს  ასოციაციის მიერ, ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა  შეადგინა 3 822 063 ლარი.

რაც შეეხება თავად გიგა კობალაძის სარგოს. აუდიტის დასკვნის თანახმად: 2021 წელს სარგებლის სახით  233 062 ლარი მიიღო  (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).

საგულისხმოა ის დეტალი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა პანდემიის პერიოდში...

2022 წელს მისი შემოსავალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სარგებლის სახით - 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი,  რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას - 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას - 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას - 5 959 ლარს,  სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას - 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას - 1 200 ლარს).

როგორც ხედავთ, სწავლის თანხაც გაიზარდა და მაშინ, როდესაც ნუნუ გაბუნია თვეში 300 ლარს იღებდა, გოგა კობალაძე სწავლაში 77 957 ლარს ხარჯავდა...

როგორც ირკვევა, ანალოგიური მდგომარეობა იყო ნოდარ დუმბაძის ოჯახთან მიმართებაშიც. „გიგა კობალაძეს თვეში თუ აქვს ხელფასი 28 ათასი, თუნდაც 8, მაშინ ბოდიში რა... ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის წელიწადში 3000 და თუნდაც 5 000-ის ჩარიცხვა არის უსინდისობა!“ - განაცხადა ქეთი დუმბაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტში აუდიტის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ.

ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ასოციაციის წესდების მიხედვით, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისთვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც იგი ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისთვის ეწევა, უფლება აქვს შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20 % მიიღოს.

თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20%, არამედ 47% გაიხარჯა.  უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს.

ანგარიშით დგინდება, რომ წინა 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელს, კერძოდ ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად  შეგროვებული 5 412 250 ლარიდან  ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20 %-ისა, შეადგინა  40 %, კერძოდ,  2 158 279 ლარი.

იყო თუ არა კორუფცია და რას იღებდნენ რეალურად ავტორები, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება და „აიპრესი“ მომავალშიც ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. მანამდე, საავტორო უფლებათა ასოციაცია GCA-ს ავტორები და შემსრულებლები ტოვებენ და მათ მიერვე შექმნილ ახალ გაერთიანებაში, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „გერაში“ ერთიანდებიან.