“KTW” ჯგუფმა, კახეთში, სოფელ პატარძეულში ახალი “ღვინის სახლის” კომპლექსი გახსნა

73

20 ოქტომბერს, “KTW” ჯგუფმა, კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულში ახალი “ღვინის სახლის” კომპლექსი გახსნა, რომელიც აერთიანებს ღვინის მაღაზია-სალონს, სადეგუსტაციო დარბაზსა და გარე კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: “KTW ჯგუფის” დამფუძნებელი – ბატონი ზურაბ ჩხაიძე, კახეთის გუბერნატორი – ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე – ბატონი ლევან მეხუზლა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – ბატონი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე და აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

მათ ისაუბრეს “KTW ჯგუფის” ამჟამინდელი პროექტების შესახებ და წარმატება უსურვეს სამომავლო გეგმების განხორციელებაში. “ღვინის სახლის” პროექტის განხორციელებას საფუძვლად უდევს “KTW ჯგუფის” უკვე არსებული და წარმატებული ობიექტების მიმართ მაღალი ინტერესი და ტურისტული ნაკადის ზრდა.

აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის მორიგ ინვესტიციას, რომელიც ეთისმხრივ ემსახურება ღვინის ტურიზმის განვითარებასა და წინსვლას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პატარძეულის ღვინის ქარხნის ტერიტორია, დააგემოვნონ “KTW”-ს ღვინო, დაათვალიერონ და შეიძინონ კომპანიის მრავალფეროვანი პროდუქცია, დაესწრონ ღვინის დეგუსტაციას და ასევე გაეცნონ ღვინის წარმოების 8000 წლოვან ტრადიციებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა” ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში 2001 წლიდან არის ჩაბმული და მეღვინეობაში დღემდე ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის პოზიციებს.

Comments
Loading...